თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალი
ფესტივალის ქვაკუთხედს წარმოადგენს წიგნის გამოფენა–ბაზრობა, რომელშიც ქართულ გამომცემლობებთან ერთად ფესტივალზე სხვადასხვა წლებში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, ბულგარეთის, თურქეთის, მოლდოვას, რუსეთის, სომხეთის და უკრაინის გამომცემ…ლებიც. ასევე ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნების საელჩოების (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და ნიდერლანდები) და კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენელები.
წიგნის ფესტივალის მნიშვნელობა და პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება. იზრდება მონაწილეთა რაოდენობა და დამთვალიერებელთა რიცხვიც. სულ უფრო მეტი უცხოური გამომცემლობა თუ სხვა ორგანიზაცია გამოხატავს მონაწილეობის სურვილს და ინტერესს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფესტივალი შესამჩნევად დაიხვეწა, რაც დიდწილად ფესტივალის შინაარსობრივი მხარის დახვეწამ განაპირობა. წელს თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალი შინაარსობრივთან ერთად ვიზუალური ნაწილის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, რაც საავტორო სტენდების კულტურის დამკვიდრებას გულისხმობს.
თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იგეგმება მრავალი ტიპის აქცია და პრეზენტაცია. წელს, ფესტივალის არსებობის მანძილზე პირველად, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაიმართება არა მხოლოდ წიგნის გამოფენა–ბაზრობა, რომელიც ლოკალიზებული იქნება ქალაქის ერთ ნაწილში, არამედ მოხდება სხვადასხვა სახის გამოფენის, ფორუმის თუ მასტერკლასის გამართვა, რითიც ფესტივალის სადღესასწაულო განწყობა მთლიანად მოიცავს დედაქალაქს. ფესტივალში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა საქართველოში არსებულმა თითქმის ყველა ორგანიზაციამ, აგრეთვე უმაღლესმა სასწავლებლებმა, სკოლებმა და ქვეყანაში მოქმედმა უცხოურმა წარმომადგენლობებმა. აღნიშნული ღონისძიებების სიმრავლიდან გამომდინარე, ფესტივალის ხანგრძლივობა გაიზრდება. ფესტივალის ფარგლებში დამთვალიერებელი გაეცნობა უამრავ სიახლეს თანამედროვე ავტორების, ლიტერატურული მიმართულებების, და საგამომცემლო საქმიანობის შესახებ.


