სამეფო უბნის თეატრი, შენობის ისტორია

23 აპრილს, სამეფო უბნის თეატრში წარმოდგენილი იყო ლაშა ბუღაძის პიესა ”ნუგზარი და მეფისტოფელი”. სპექტაკლს ხანგრძლივი ოვაციები და ახალგაზრდების ”ბრავოს” ძახილი მოჰყვა. რადგანაც ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი სამეფო უბნის თეატრში, ინტერიერმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე და სპექტაკლს თავისი ელფერი შეჰმატა.ანტრაქტისას დავათვალიერე შენობის ძველი კედლები, ნიშები და საინტერესო ორნამენტები. ფოიეშიც რესტავრაციის მსვლელობის საინტერესო სურათები იყო გამოფენილი. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ გამიჩნდა დიდი სურვილი, თეატრის შენობის შესახებ მომეძია ინფორმაცია, რადგანაც ეს არ იყო უბრალო სახლის არქიტექტურა.


არქივის მონაცემების თანახმად, სამეფო უბნის თეატრის შენობა აგებულია 1875 წელს და მცირე ზომის ქარვასლას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, XIX საუკუნეში ეს ქარვასლა დაიწვა. მისი რეკონსტრუქცია მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში მოხერხდა, რის შედეგადაც შენობას დაახლოებით ორი მესამედი მოემატა. უკვე რეკონსტრუირებულ შენობაში XX საუკუნის შუა წლებში პირველი მაისის სახელობის კლუბი დაარსდა, სადაც მრავალი ეროვნების სხვადასხვა წრე ფუნქციონირებდა.

შენობა გადადიოდა უწყებიდან უწყებაში. უკვე პირველი მაისის სახელობის კლუბის შენობა 1988 წელს, როგორც ბევრი სხვა თბილისის ნაგებობა, სომხეთში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ დაზიანების შემდგომ შენობაში აღარაფერი დარჩენილა და უპატრონოდ ნელ-ნელა ნადგურდებოდა. რა თქმა უნდა, მას აღარ ჰქონდა შემორჩენილი ქარვასლის არქიტექტურული სილამაზე, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობისთვის უბრალოდ მორიგ დანგრეულ შენობას წარმოადგენდა და1991-92 წლებში უბნის ნაგავსაყრელადაც კი იქცა. შესაძლოა, ზუსტად ნაგავსაყრელი გახდა ამ შენობაში კიდევ ერთი მოულოდნელი ხანძრის გაჩენის მიზეზი.

1985 წელს, მსახიობმა, სსრკ და შ.რუსთაველის პრემიის ლაურეატმა იზა გიგოშვილმა ახალი მიმართულების თეატრი შექმნა. ამ თეატრმა საქართველოში და საზღვაგარეთ წარმატებას მიაღწია. ამ სასწავლო თეატრში ექსპერიმენტის სახით დაიდგა სპექტაკლი ”უკვდავი სერაფიმები”. გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ იზა გიგოშვილი, სახალხო არისტი მერაბ თავაძე და ნიკა თავაძე შეუდგნენ ახალი თეატრისათვის შენობის შერჩევას, რის შედეგად სწორედ ეს დანგრეული შენობა – ჯერ ქარვასლა, შემდეგ პირველი მაისის სახელობის კლუბი და ბოლოს ნაგავსაყრელი – შეარჩიეს.

შენობის აღდგენა სწორედ მსახიობი იზა გიგოშვილის ენთუზიაზმითა და მონდომებით მოხერხდა. აღდგენილ შენობაში 1997 წლის 18 ივნისს პირველი სპექტაკლი დაიდგა, პირველი მაყურებელი შეიძინა, რომელმაც აღფრთოვანებით ”ბრავო” წამოიძახა.

ასე დაიბადა სამეფო უბნის თეატრი. რადგანაც თეატრის შენობა თბილისის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს უბანში მდებარეობდა (და ახლაც იქ მდებარეობს) მას სამეფო უბნის თეატრი დაარქვეს. ადრე ხომ ეს უბანი ეკლესიებით, ქარვასლებით და გალავნებით იყო მოფენილი.

სამეფო უბნის თეატრში მუშაობდნენ და აგრძელებენ მუშაობას ქართული თეატრის ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, გოგა თავაძე, დათო საყვარელიძე, ცოტნე ნაკაშიძე, მაკა მახარაძე და სხვები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s