Kavkaz Jazz-ის დახურვა ერთი დღით გადაიდო

24 საათი 11.05.10

Kavkaz Jazz-ის დახურვა ერთი დღით გადაიდო. 2010 წლის ფესტივალი, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მუსიკოს-შემსრულებლები მონაწილეობდნენ, მსმენელს 8 მაისის ნაცვლად ერთი დღის დაგვიანებით დაემშვიდობა.

ფესტივალის ბოლო კონცერტი Event Hall-ში გაიმართა. Jam Session-ზე სამივე ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთობლივი მუზიცირების შედეგი მოგვასმენინეს. დასწრება თავისუფალი იყო და დარბაზი შეავსეს ჯაზის მოყვარულებმა, რომლებსაც არაკომერციული პროექტის ორგანიზატორებმა სიტყვით მიმართეს. აშშ-ს ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა აღნიშნა: – “პატივი მაქვს მოგესალმოთ 2010 წლის კავკასიის ჯაზის ფესტივალზე, პროექტზე, რომელიც თბილისში, ბაქოსა და ერევანში ამერიკის მხარდაჭერის ტარდება. აქ მუსიკის სიყვარულმა შეკრიბა გამორჩეულად ნიჭიერი სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი მუსიკოსები, ისევე როგორც ბ-ნი ჯასტინ დიჩიოჩიო, მანჰეტენის მუსიკალური სკოლის ჯაზის კათედრის დეკანი, რომელიც ამ მუსიკოსებთან მუშაობს. ჩვენ კი პატივი გვაქვს ვიყოთ აქ და გავხდეთ მათი თანამშრომლობის მოწმეები. ადამიანებს შორის განხეთქილებები, განურჩევლად ენობრივი, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ პოლიტიკური მიზეზებისა, შეიძლება მუსიკის საშუალებით გამოსწორდეს. ფესტივალის მხარდაჭერისთვის მივესალმები ორგანიზატორებს, ყველა ჩვენს პარტნიორს, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს თანამშრომლობისა და ურთიერთგაგებას ამ რეგიონის ხალხებს, ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის”.

Kavkaz Jazz-ის დირექტორია ელენე მეჩითოვა, არტ-დირექტორი – თამარ მიქაძე. მათ მიაჩნიათ, რომ ჯაზი, როგორც ტოლერანტობის, ერთიანობის, თავისუფლების, მშვიდობისა და მეგობრობის სიმბოლო ამ ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციებსა და კონტაქტებს უფრო გაამყარებს. “ფესტივალის მიზანია კავკასიაში ჯაზური ხელოვნების კიდევ უფრო განმტკიცება და მისი პოპულარიზაცია, ხოლო ამოცანა – პროექტების სისტემატიური განხორციელება ჯაზური მუსიკის განვითარებისთვის, მუსიკოს-შემსრულებლების კულტურული დიალოგი და მეგობრული დაახლოება”, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მოწვეული მუსიკოსები რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბაზალეთის ტბასთან აგებულ დასასვენებელ კომპლექსში (Bazaletu Lake), სადაც მოეწყო მასტერკლასები, ჯემსეიშენები და ვორკშოპები. ამას ჯაზის პედაგოგი, ჯასტინ დიჩიოჩიო (Justin Dicioccio) ხელმძღვანელობდა. ის 2001 წელს ნიუ იორკში გამართულ ჯაზის საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე ჯაზის ცნობილ განმანათლებელთა ჩამონათვალში შეიყვანეს.

პროექტში მონაწილეობდნენ ჯგუფები საქართველოდან – “4 Synthesized” (ლევან კემულარია, სოსო კაპანაძე, ზაზა ცერცვაძე, ლევან დიასამიძე), “Giorgi Mikadze Jazz Quartet” (გიორგი მიქაძე, გიორგი გარსევანიშვილი, ლაშა სხილაძე, გია მახარაძე), სომხეთიდან – “Art Voices & Emma Asatryan” (მანუკ ღაზარიანი, არტურ გრიგორიანი, ავაგ მაქარიანი, ედგარ ავეტისიანი, ლევონ პუჩინიანი, ფერჩ ნახაპეტიანი, ემა ასატრიანი), აზერბაიჯანიდან – “Isfar Sarabsky Jazz Quartet” (ისფარ-რზაევ სარაბსკი, ულვია რაჰიმოვა, ელჩინ ჰუსეინლი), “Rain Sultanov Jazz Quintet” (რაინ სულთანოვი, ელჩინ შირინოვი, რუსლან ჰუსეინოვი).

Kavkaz Jazz-ის ბოლო კონცერტს მაყურებელი არ აკლდა. ეს უპირველესად ჯაზის და მისი მოყვარულების დამსახურებაა. თუმცა, საქართველოში ამ მუსიკალური მიმდინარეობისადმი ინტერესი იმდენად განსაკუთრებულია და ჯაზის მოსმენის კულტურაც ისეა განვითარებული, რომ მსმენელის მდარე ხარისხის მუსიკით მოხიბლვა უკვე შეუძლებელია… Kavkaz Jazz-ის მონაწილეებმა მაყურებელთა უმრავლესობის შენარჩუნება მოახერხეს, შემოგვთავაზეს კომპოზიციები, რომლებშიც ეთნო მუსიკიდან აღებული, მათთვის კარგად ნაცნობი თემები გამოიყენეს, შეეცადნენ მუზიცირებას და მუსიკალური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას… პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ Kavkaz Jazz-ის რეგულარულად მოეწყობა და რეგიონალური მასშტაბის ფესტივალიდან მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად იქცევა.

ავტორი: თამარ კიკნაველიძე

წყარო: გაზეთი 24 საათი

დაკავშირებული ბმულები:

1-8 მაისი, KAVKAZ JAZZ YOUTH FESTIVAL
Kavkaz Jazz Youth Festival
ჯაზ ფესტივალი ფეისბუქზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s