ოცნების ქალაქი

ჩვილმა ბავშვებმაც იციან, რომ დამოუკიდებელ საქართველოში შოუ-ბიზნესი, კერძოდ კი კინოინდუსტრია პრაქტიკულად არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში ასე იყო უახლოეს წარსულში. 2009 წლის ბოლოდან საქართველოს კინოთეატრებში მოულოდნელად მასიურად დაიწყო გამოსვლა სხადასხვა ქართულმა ფილმებმა, რომელთა მიმართაც მოსახლეობას ორგვაროვანი შეგრძნებები გაუჩნდა.
ერთის მხრივ, გამოსული ფილმების უდიდესი ნაწილი ხარისხის ნორმალური დონითაც კი ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ მეორეს მხრივ, მოსახლეობას იმედი ჩაესახა, რომ ქართული კინოინდუსტრია გამოცოცხლებას იწყებდა. არავის ჰქონდა ილუზია, რომ ქართველი რეჟისორები მაშინათვე მაღალი დონის, ინტელექტუალურ ნამუშევრებს შემოგვთავაზებდნენ, მაგრამ დასაწყისისთვის, ქართველი კინომანები დაბალი დონის პროდუქციითაც კმაყოფილდებიან, მომავლის იმედით.
“ოცნების ქალაქი” წინამორბედ ფილემბთან შედარებით, გაუმჯობესებული ვარიანტი იყო. ფილმის მოკლე შეფასება ალბათ შემდეგი ფრაზით შეიძლება: ჩვეულებრივი ჰოლივუდური სტილის კომედია, მორგებული ქართულ რეალობასა და მენტალიტეტზე. ფილმი ახალ სიტყვას არ ამბობს კინემატოგრაფიის ისტორიაში, თუნდაც ქართული ფილმის ისტორიაში, არც ინტელექტუალურ საზრდოს გვთავაზობს დასაფიქრებლად და შემდეგ მეგობრებთან ერთად საკამათოდ და განსასჯელად, თუმცა იმ ერთადერთ ფუნქციას, რომელიც ამ ფილმს აკისრია, ხუთიანზე (ალბათ უკვე მართებული იქნებოდა ვთქვათ ათიანზე) ასრულებს – ორი საათით გვთავაზობს აბსოლუტურ რელაქსაციას დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ. სწორედ ამ ფაქტმა და კიდევ ქართველი მაყურებლის ცნობისმოყვარეობამ განაპირობა ამ ნამუშევრის დიდი კომერციული წარმატება.
რამაც დადებითად გამაკვირვა “ოცნების ქალაქში” იყო მსახიობების ძალზედ დამაჯერებელი თამაში. მთავარ როლში მოთამაშე მსახიობები თავის ფუნქციებს მშვენივრად ასრულებდნენ. ეს რა თქმა უნდა არ იყო ოსკარის პრემიისათვის წარსადგენი მსახიობური ხელოვნება, თუმცა სხვა ქართულ ფილმებთან, თუ სერიალებთან შედარებით, თამაშის დონე მართლაც მაღალი იყო.
სცენარის ავტორებს პერიოდულად კარგი ხუმრობებიც გამოსდიოდათ. კარგად დამამახსოვრდა კომიური სცენა, როდესაც ნანკა კალატოზიშვილის გმირის სამი დაქალი მკაცრად აკრიტიკებს ჯგუფ “მგზავრების” მუსიკას, მაგრამ როდესაც ისინი თავიანთ მანქანებში განაწილდებიან, სამივე “მგზავრების” მუსიკალური ჩანაწერის მოსმენას იწყებს.

არ შემიძლია უარყოფითად არ აღვნიშნო “ოცნების ქალაქში” გადამეტებულად გამოყენებული რეკლამა, რასაც ინგლისურენოვან წყაროებში “Product Placement”-ს უწოდებენ. ფილმებში ამგვარი რეკლამა ჩვენ ჰოლივუდურ ნაწარმშიც ძალიან ხშირად გვხვდება, მაგრამ იგი ჩვეულებრივ ძალიან მცირე დროს და ადგილს იკავებს ფილმებში და ხშირად შეუმჩნეველიც კია ჩაუსაფრებელი თვალისთვის, რადგან იგი მიმართულია მაყურებლის ქვეცნობიერისადმი. “ოცნების ქალაქი” კი ერთი დიდი სარეკლამო რგოლი იყო. მე ამ შეფასებას ფილმის ყურებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ ვწერ და ახლაც კარგად მახსოვს ბევრი ის კომპანია, რომელთა უზარმაზარი ლოგოები კინოთეატრის ეკრანზე ჩანდნენ საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ფილმის მსვლელობისას. ქართული კომპანიებისთვის ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნებოდა, რომ თავი აარიდონ თავიანთი ლოგოებისა, თუ სახელწოდებების გადამეტებულ აფიშირებას ფილმებში და მათაც ამერიკული კომპანიების მსგავსად სამიზნედ მაყურებლების ქვეცნობიერი აირჩიონ, რაც მრავალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არანაკლებ ეფექტურია, მათ შორის იმის გამოც, რომ ნაკლებ გაღიზიანებას იწვევს მაყურებელში. მე არ დავიწყებ ამ კომპანიების ჩამოთვლას და მხოლოდ აღვნიშნავდი ჯგუფ “მგზავრებს”, რომელსაც ალბათ ყველაზე დიდი რეკლამა გაეწია “ოცნების ქალაქის” მეშვეობით და ამ ბოლო დროს საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ მოსახლეობაში, მაგრამ ჩემი აზრით ამ ჯგუფის წარმატება დამსახურებულია და სიმღერები, რომლებიც ფილმის მსვლელობისას ჟღერდა საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენი იყო, თუმცა ხშირად ერთფეროვანი.
საერთო ჯამში, ფილმმა დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე არ დავიწყებ შინაარსის ჩამოყალიბებას (რომელიც საკმაოდ ბანალურია). ყოველ შემთხვევაში, სხვა მაყურებლებთან ერთად, მეც გამიჩნდა იმის იმედი, რომ “ოცნების ქალაქი” და მსგავსი ფილმები, რომლებიც ამჟამად საქართველოს კინოთეატრებში გადიან საწყისი წერტილი იქნება ახალი ქართული ფილმის განვითარების და ქართველი რეჟისორები უფრო მრავალფეროვან, ინტელექტუალურ სიუჟეტებს შემოგვთავაზებენ, რომლებიც გვერდს აუვლიან ჰოლივუდური გამაღიზიანებელი მელოდრამატული კლიშეების გადმოქართულებას და ისეთ გადაღეჭილ თემებს თანამედროვე ქართულ ფილმებში, როგორიცაა ქუჩური მენტალიტეტი, კლუბური ცხოვრება და… სვანები.


ოცნების ქალაქთან დაკავშირებული ბმულები:

ოცნების ქალაქი

ZURRIUSS – ოცნების ქალაქში სიყვარულს ვერსად დაემალები

სქოლიოზიანი ემბრიონი

Advertisements

One thought on “ოცნების ქალაქი

  1. ამას გავიძახი მეც, გადაიღონ ფილმები სიყვარულსა და მეგობრობაზე და თავი დაანებონ ნარკომანიის თემას. თუმცა ხარისხის გაუმჯობესების გარეშე არაფერი გამოვა (ფილმის ვიზუალურ მხარეს არ ვგულისხმობ) ეს ისე, მსუბუქი კომენტარი, დიდსა და მეტად კრიტიკულს შემდგომისთვის შემოვინახავ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s